დავით შავლიაშვილი ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ბაქოში გაემგზავრა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარების ახალ შესაძლებლობებს განიხილავს.
მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის, მისი განვითარებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრებს.
კონფერენციაზე რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
მათ შორის, დამსწრე საზოგადოებას “ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზის, როგორც ევროპისა და აზიის დამკავშირებელი ეფექტური კვანძის” – პროექტსაც წარუდგენენ.
აღნიშნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა. ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას აზიიდან ევროპისკენ, რაც გააუმჯობესებს ვაჭრობის სფეროში რეგიონულ თანამშრომლობას, ცენტრალურ აზიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას შორის.
საერთაშორისო კონფერენცია – “ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის – ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარების ახალი შესაძლებლობები” აზერბაიჯანის დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები