მიხეილ სარჯველაძე – არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში
„არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. დაწყებული იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონი სოზარი ხელმძღვანელობდა შესაბამის სამინისტროს, ძალიან აქტიური ტემპია და სხვადასხვა პროგრამებით, ძალიან ბევრი ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა“, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასშტაბური მშენებლობები, საქართველოს 5 ქალაქში, პარალელურად მიმდინარეობს.
„ახლა მიმდინარე პროექტები რაც ხორციელდება, ეს არის 11 საცხოვრებელი კორპუსი მხოლოდ თბილისში. მშენებლობები მიმდინარეობს: რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში. 6 ათასი ოჯახი განსახლდება ამ ბინებში და უახლოეს მომავალში, პერიოდულად, დასრულდება. ყველაზე ადრე, მშენებლობა დასრულდება ქუთაისში და დევნილებს ბინები გადაეცემათ. შემდეგ თბილისში, სადაც რამდენიმე კორპუსის გახსნა იქნება შესაძლებელი და ასე გაგრძელდება. სულ ბოლოს, ამ პროექტებს შორის, დაიწყო ზუგდიდის პროექტი, თუმცა, იქაც არაჩვეულებრივი ტემპი აქვს მშენებელს და ვფიქრობთ, სწრაფად იქნება შესაძლებელი კონკრეტული ბინების გადაცემაზე გადაწყვეტილებების მიღება.
კორპუსების მშენებლობის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა, ალტერნატიული პროგრამებიც, როგორიცაა მაგალითად ე.წ. ,,სოფლად სახლის“ პროგრამა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.