“ოპოზიციის მცდელობა იქნება, 26 მაისს სახალხო ზეიმი ვიწროპარტიულ ყიჟინად გადააქციონ, მათი მიზანია, დესტრუქციული ნაბიჯების დროს უცხოური ზურგი ჰქონდეთ” – მახაშვილი
“ოპოზიციის მცდელობა იქნება, 26 მაისს სახალხო ზეიმი ვიწროპარტიულ ყიჟინად გადააქციონ, მათი მიზანია, დესტრუქციული ნაბიჯების დროს უცხოური ზურგი ჰქონდეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ერთხელ უკვე ვთქვი, ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] ჭაობში ჩავარდნილს ჰგავს -მეთქი. ახლაც ზუსტად იმავე პროცესს ვხედავთ. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი შეცდომები გაიაზრონ, ჭაობიდან ამოვიდნენ და დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდნენ, ახალ-ახალ იდეებს იგონებენ, რათა რაღაცნაირად თავი დაიტოვონ. არაფერს ვამბობ შიდა პოლიტიკაზე, რადგან გასაგებია, რა როლი და ფუნქცია აქვთ. მათი მიზანია, საგარეო მიმართულებით პარტნიორებს დაანახონ, რომ რაღაცას წარმოადგენენ და იმსახურებენ ახალ-ახალ საწვავს, რასაც ვხედავთ ხან ევროპარლამენტისგან, ხან კონგრესისგან და ხან სხვებისგან. ახლა მხოლოდ ამ პროცესს ვაკვირდებით. რა თქმა უნდა, მათი მცდელობა იქნება, სახალხო ზეიმი მაქსიმალურად ჩაშალონ და ვიწროპარტიულ ყიჟინად გადააქციონ, რასაც ადგილი ჰქონდა 9 აპრილს. ოღონდ ამას საგარეო გამაგრება სჭირდება. მათი ერთ-ერთი მიზანია, მსგავსი სახის დესტრუქციული ნაბიჯების დროს უცხოური ზურგი ჰქონდეთ. შესაბამისად, მათ მსგავსი მცდელობა ექნებათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.