გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის რეგიონულ ოფისში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის მიმართულების ოფიცერ დენის რეისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის რეგიონულ ოფისში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის მიმართულების ოფიცერ დენის რეისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შეხვედრას სააგენტოს ლიცენზირების, მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ მიმდინარე ანგარიშში მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულების საკითხებზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის საქმიანობა, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და მიღებული შედეგები, ასევე, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) თევზის პრიორიტეტული სახეობების კვლევის მეთოდოლოგია და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მექანიზმები.
შეხვედრაზე კომერციული თევზჭერის ლიცენზირების გაცემის პროცედურებზე, თევზჭერის ინსპექტირებისა და კანონდარღვევის საკითხებზე, ასევე, კონტროლის მექანიზმსა და საკანონმდებლო ბაზაზე იმსჯელეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.