“დარწმუნებული ვართ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები, რითაც შესაძლებელი იქნება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება” – მიქანაძე

“უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ. დარწმუნებული ვართ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები, რითაც შესაძლებელი იქნება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„2005 წელს, როცა კახა ლომაია განათლების მინისტრი იყო, სამინისტროს მითითებით, საბაკალავრო სასწავლო პროგრამიდან მოხდა ქართული ენის ამოღება. ეს ქართული ენის წინააღმდეგ მხოლოდ ერთადერთი მიზანმიმართული ნაბიჯი არ იყო. 2004-2007 წლებში, მიზანმიმართულად მოხდა, პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისიის გაუქმება და პარლამენტში აღარ იყო სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი, ენის პალატა გაუქმდა, ხოლო საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შემცირდა. ამას საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების ამოღებაც დაემატა. არ იყო განხილული სახელმწიფო ენის შესახებ კანონი. ჩვენი ხელისუფლების მიერ ჯერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღება მოხდა, ხოლო შემდეგ იაკობ გოგებაშვილის დედა ენა სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. ახლა ჩვენ უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, როცა განხილვას ვიწყებთ და დარწმუნებული ვართ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები, რითაც შესაძლებელი იქნება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულოდ სწავლება და ის ძალაში შევა პირველი სექტემბრიდან, რაც იძლევა გარანტიას, რომ მომავალ წელს, ყველა უმაღლესი სასწავლებელი დანერგავს ქართული ენის სავალდებულო სწავლებას“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები