ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრთან ერთად, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ლაშა ხუციშვილმა მასატო კანდას, კიდევ ერთხელ,მიულოცა მიმდინარე წლის თებერვალში, ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
საუბარი შეეხო ბოლო წლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესს, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელობას. ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.
ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია მომავალშიც გაგრძელდება.
აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის ინვესტიცია, 2007 წელს, მასში საქართველოს გაწევრიანების დღიდან, 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
მიმდინარე წელს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია, მილანი უმასპინძლებს.