„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის (ROLE2F) საჩვენებელი სწავლება ჩაატარა
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატოს სტანდარტებით აღჭურვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა. სწავლების სცენარის მიხედვით განხორციელდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში (ROLE2F) სპეციალური ტრანსპორტით – „დიდგორი მედევაკი“, პირველადი ქირურგიული დახმარების აღმოჩენა და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს.
“პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის მიერ გაშლილი საველე ჰოსპიტლის (ROLE2F) მუშაობას ნატოელი სამედიცინო ექსპერტები დააკვირდნენ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.