,,ინვესტორების მხრიდან ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც” – ნათია თურნავა აშშ-ს ვიზიტს აჯამებს

ინვესტორების მხრიდან ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც, – ასე აფასებს სებ-ის პრეზიდენტი აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, სადაც ნათია თურნავა ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმყოფებოდა. აშშ-ში სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს მართავდა, როგორც თავად სებ-ის პრეზიდენტი, ასევე პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა JPMorgan-ის ორგანიზებით გაიმართა.

„საინვესტიციო ბანკმა JPMorgan-მა, ორგანიზება გაუწია ჩვენს შეხვედრას საინვესტიციო ფონდებთან. საინვესტიციო ფონდები ძირითადად მსხვილი და ინსტიტუციური, კერძო ინვესტორები ფონდების სახით იყვნენ წარმოდგენილები. ნაწილი ამ საინვესტიციო ფონდების აქტიურები არიან, უკვე ისედაც არიან ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილები. ძირითადად ფასიანი ქაღალდების ვაჭრობით არიან დაკავებულები, ჩვენი სახაზინო ობლიგაციების, ჩვენი ფასიანი ქაღალდებით ინტერესდებიან. ნაწილი ახალი ინვესტორები იყვნენ, ვინც ახლა სწავლობდნენ საქართველოს ბაზარს. ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც. რამდენიმე თვის წინაც მქონდა მე ევროპაში მსგავსი შეხვედრა, ყოველთვის ამ ბოლო პერიოდში ვაწყდები იმიტომ, რომ ინტერესი არის ძალიან მზარდი. და ამას აქვს მარტივი ახსნა. საქართველო ამ გლობალური გამოწვევების, მაღალი გაურკვევლობის, ეკონომიკური კრიზისის, რყევების ფონზე წარმოადგენს ძალიან მომგებიან კონტრასტს. და მართლაც თვალსაჩინო მაგალითს, სადაც არის სტაბილურობა, სადაც არის მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს რეგიონში ვიმყოფებით. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა და სადაც არის სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობა, არის გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს არ არის ერთჯერადი ფაქტორი, რაღაცით გამოწვეული. ბოლო 4 წლის განმავლობაში, რომ ავიღოთ ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,4%-ია. ახლა, რომ ვიყავით ვაშინგტონში ჩასულები სწორედ მაგ დროს გამოქვეყნდა სსფ-ს ბოლო ანგარიში, რომელშიც საქართველო რომ შეხედოთ შედარების ცხრილებს, მეორეა, ზოგადად მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე რეალური შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით – 10,7%. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს რას ნიშნავს ინვესტორისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოგება ექნება. ჩვენთან ჩადებულ თითოეულ დოლარზე, ან ევროზე მიიღებს შედარებით უფრო მაღალ უკუგებას ვიდრე სხვაგან, რომელიც იმ რისკებსაც დაფარავს, რომ საქართველო რთულ გარემოცვაში იმყოფება და ბევრ სხვა ფაქტორს გააუმჯობესებს მისთვის“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ყოველთვის როცა ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება.

„ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მარტივად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ ერთი ფაქტორი რა თქმა უნდა ინვესტიციებია. ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია. დღეს გამოქვეყნდა მარტის ბოლო მონაცემი, მშპ მარტში გაზრდილია 9%-ით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ალბათ, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ. ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან, კვლავ დაბალია ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები