,,საქართველო გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით” – ნათია თურნავა
საქართველო გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, – ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა, სადაც სსფ-ს და მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა შეხვედრები.
თურნავას განმარტებით, საქართველოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. თურნავას თქმით, მსოფლიო ბანკსა და სსფ-ში გამართულ შეხვედრებზე თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იმ გამოწვევებზე საუბრობდა, რაც გლობალურად არსებობს.
„საქართველო ამ გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, გაუმჯობესებული საგარეო ბალანსით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით, ძალიან ძლიერ ფისკალური ანუ საბიუჯეტო პარამეტრებით, დაბალი დეფიციტით, დაბალი სახელმწიფო ვალით. მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ეს ერთი. და მეორე რა მესიჯიც ჩვენ მივიტანეთ და ვხედავთ ამის გააზრებას, ეს არის რომ საქართველოს აქტუალობა, საქართველოს როლი იზრდება. მე ვახსენე ფრაგმენტაცია. ფრაგმენტაცია კიდე სხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ, როგორც რეგიონალიზაცია, ანუ იმის ნაცვლად რომ მთლიანად გლობალური მსოფლიო იყოს უფრო შეკრული ახლა ხდება უფრო რეგიონალური თანამშრომლობის წარმოჩენა. ასევე როგორც საპირწონე პროცესი და აი ამ კონტექსტში ჩვენი შუა დერეფნის, სადაც საქართველო სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მით უფრო მეტად აქტუალური გახდა. განსაკუთრებით თუნდაც მსოფლიო ბანკისთვის, რომელიც ზოგადად ცნობილია რეგიონალური პროექტებით, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და ასე შემდეგ. ნებისმიერი ამ განვითარების პროცესში რეგიონში ჩვენს შუა დერეფანში საქართველოს ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ათად გაიზარდა ჩვენი აქტუალობა და ამის გააზრებას ვხედავთ. და ამას ეყრდნობა ის ზომიერი ოპტიმიზმი რასაც ჩვენ გამოვხატავთ და ის პოზიტიური გზავნილები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.