პაპუაშვილი – „რადიო თავისუფლებაზე“: კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ვგრძნობთ ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი, ამერიკული პროპაგანდისტული მედია გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია
“ცოტა გასაკვირია, რომ არის გარკვეული მცდელობები, CIA მიერ შექმნილი პროპაგანდისტული „რადიო თავისუფლება”, ახლა გადაიბაროს ევროპამ და მისი დაფინანსება დაიწყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, სადაც ევროკომისარმა თქვა: „არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ, შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“.
,,ერთი საკითხია, რაც მე მაფიქრებს. როგორც ვნახე ეს ინტერვიუ ,,რადიო თავისუფლებას“ მისცა გაფართოების კომისარმა. ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია. რადიო თავისუფლება დაფუძნებულია აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი. ეს ინფორმაცია ოფიციალურად საჯარო ინფორმაციაა. ამიტომაც მისი გამოყენება პროპაგანდისტულ იარაღად ხდებოდა. ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. იცით რომ გადახედვის პროცესშია ეს საკითხი. კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ვგრძნობთ ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი ამერიკული პროპაგანდისტული მედია გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია.
საუბარი იყო იმაზე, რომ ეს პროპაგანდისტული მედია ახლა დაფინანსდეს ევროპიდან. შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლებამ სულ ახლახან არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ „მონა“ სიტყვის გამოყენებას აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მე ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია სიტყვა „მონას“ იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში. გასაკვირია, რომ გარკვეული მცდელობები, რომ ეს მედია გადაიბაროს ევროპამ. ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს ამ პროპაგანდისტულ მედიას ესეც თავისთავად ბევრი რამის მთქმელია და აქედან გამომდინარე ცოტა გასაკვირია, რომ არის გარკვეული სურვილები და მცდელობები, რომ CIA მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია ახლა გადაიბაროს ევროპამ და მისი დაფინანსება დაიწყოს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.