საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა
ყოველ წელს საქპატენტი უერთდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღნიშვნას, რომელიც 2000 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დაარსდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დარგის პოპულარიზაციასა და სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივებას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე ყველა გამომგონებლის, მეცნიერის, კულტურის მოღვაწისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოღვაწე სპეციალისტის დღეა. დაარსების დღიდან ის ყოველწლიურად აღინიშნება კონკრეტული თემის წარდგენით, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წლის თემად ცხადდება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის კამპანიის წლევანდელი თემაა „ინტელექტუალური საკუთრება და მუსიკა: იგრძენი ინტელექტუალური საკუთრების რიტმი“.
სწორედ მუსიკის უნივერსალურ ენასა და მუსიკის სფეროში ინოვაციას მიეძღვნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ღონისძიება, რომელიც სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მუსიკალური შემოქმედების მხარდაჭერა, მუსიკოსების წვლილის დაფასება, მათი, ვინც ქმნის ახალ ბგერებს, მუსიკალურ სტილსა და ტექნოლოგიებს, აყალიბებს მუსიკის მომავალს, განგვაცდევინებს ძლიერ ემოციებსა და გვაგრძნობინებს მუსიკის რიტმს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისთვის ავტორ-შემსრულებლების მიერ შეიქმნა და ღონისძიებაზე გაჟღერდა მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც გაჯერებული იყო ეთნო მუსიკის ელემენტებითა და თანამედროვე მუსიკის ინოვაციური ბგერებით.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და IPOA-ს გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გვარიშვილმა. საქპატენტის ხელმძღვანელმა კომპოზიტორებს – ლილიკო ნემსაძეს, კახა ცაბაძესა და გიორგი სანოძეს, საზეიმო ვითარებაში, გადასცა საავტორო ნაწარმოებების დეპონირების დამადასტურებელი სიგელები.
ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქპატენტსა და IPOA-ს შორის, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და IPOA-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმის შედეგად, აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად აკრედიტაცია მიენიჭა IPOA-ს.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.