„ელენე ახვლედიანი: პარიზული პერიოდი“ – კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის – „ელენე ახვლედიანი: პარიზული პერიოდი“ – პრეზენტაცია და დიდი მხატვრის მიერ პარიზში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნ-ალბომი, რომელიც ავტორებმა ხათუნა კიკვაძემ და გიორგი ჯანბერიძემ წარადგინეს, ელენე ახვლედიანის პარიზული პერიოდის, 1924 -1927 წლების შემოქმედებას და კოლაროსის თავისუფალ აკადემიაში სწავლისას შექმნილი შიშველი ნატურის – ნიუს ჩანახატებს ეძღვნება.
წიგნ-ალბომის პირველი პრეზენტაცია მიმდინარე წლის 12 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიმართა.
სახლ-მუზეუმში გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილია 1924 -1927 წლებში შექმნილი პარიზის ქალაქური და საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები. გამოიფინა ასევე მხატვრის სახლ-მუზეუმსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ფერწერისა და გრაფიკის ფონდებში დაცული ნამუშევრები.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები