„ვანო კიღურაძეს დიდი ხანია თამარ სანიკიძე არ უყვარს“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და უარყო მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები დატოვებენ.
“არ ვიცი, ჩემთვის არაფერია ცნობილი. რაც შეეხება უშუალოდ განათლების მინისტრს, ბატონ ვანო კიღურაძეს დიდი ხანია არ უყვარს თამარ სანიკიძე. გუშინ მან განათლების მინისტრს უწოდა შაშკინი, თუმცა, ხვალ რომ მე ვანო მერაბიშვილი მიწოდოს, მას იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ მაინც არ მეწყინება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მოხსნაა გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აზრთა ჭიდილი რაღაც თემებზე და ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა – ჩვენი მომავალი თაობების განათლებისა და მეცნიერების განვითარების საკითხი. თამარ სანიკიძეს იმდენად მძიმე და რთული პორტფელი აბარია, რომ არ მიკვირს ბატონი ვანოსგან მის მიმართ გარკვეული კრიტიკა. ასევე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მაია ფანჯიკიძე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტწილად მისი დამსახურებაა ევროკავშირთან სწორ პოლიტიკას რომ ვაწარმოებთ, რაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდა. ასე რომ, საკადრო ცვლილებების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ჩანს მათ, ვინც ჭორებს ავრცელებს, ახლა ახალი რეპერტუარი აქვთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები