გენადი არველაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს აგრძელებს.

მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კომერციის, სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტების, ასევე კერძო სექტორთან გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარი ასპექტები იქნა განხილული.

„აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ეს პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრებია, სადაც ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს და ასევე ურთიერთსასარგებლო იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოხდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება ახალი ადმინისტრაციის პირობებში ისე, რომ ორივე მხარისთვის მომგებიანი იყოს. ამასთან, ვისაუბრეთ ისეთ სფეროებში თანამშრომლობაზე რომლებიც ხელს შეუწყობს ამერიკული კომპანიების ბიზნეს ინტერესებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამ მხრივ, საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო ჰაბი რეგიონის და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო უკვე წარმოადგენს ჰაბს აშშ-ის გარკვეული პროდუქციისთვის როგორც ლოგისტიკის, ასევე ვაჭრობის მხრივ, რომელმაც 2 მლრდ. დოლარს გადააჭარბა. მისი თქმით, გარკვეული ამერიკული პროდუქტებისთვის, საექსპორტო ბაზრების თვალსაზრისით საქართველო ტოპ-ათეულში შედის და მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ საქართველოსთვის საინტერესოა ჰაბის მნიშვნელობის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა ისეთი სფეროები, რომელშიც თანამშრომლობის განვითარება ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენს და ურთიერთმომგებიანი იქნება – ეს სფეროებია ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ტექნოლოგიები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონში ინვესტიციის ჩადებით და საქართველოს განიხილავენ საუკეთესო ადგილად მათი ინვესტიციების განსახორციელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები