ბოლო 9 თვეში საქართველოდან 100.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 აგვისტოდან, 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20%-ით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 26.5 მლნ აშშ დოლარითაა (36%-ით) გაზრდილი ექსპორტირებული თხილის ღირებულებაც და 100.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში 13%-ით გაიზარდა თხილის საშუალო საექსპორტო ფასიც და ერთ კილოგრამზე 6.29 აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში, მაროკოში.