გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანია დაღუპული.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 31 ადამიანია, მათ შორის 5 ბავშვია. ღამის თავდასხმის შედეგად სულ 70 ადამიანი დაშავდა.
“დაღუპულთა შესახებ საბოლოო ინფორმაცია ზუსტდება. მაშველები აგრძელებენ სვიატოშინსკის რაიონში ორი დაზიანებული სახლის ნანგრევების გაწმენდას”, – აღნიშნა მან.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, განსაკუთრებით დაზიანდა კიევის, ბუჩისა და ვიშგოროდის რაიონები. მათივე ცნობით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ აფრიკაში ვიზიტს აუქმებს და სამშობლოში ბრუნდება.