გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის შესრულებას არანაირი შეფერხება არ აქვს, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება

ფინანსთა სამინისტრო, 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საბიუჯეტო პრობლემებზე გამოთქმული ყველა ვარაუდი მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება.

„თავიდან იყო საუბარი, რომ თითქოს დღგ ვერ სრულდებოდა, თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში დღგ შესრულდა. ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში.

შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია! მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება.

რაც სხვა გადასახადებზე შეიძლება ითქვას, ეს არის ხელფასთან ერთად კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს. რომელიც თავდაპირველად „სხვა გადასახადებში“ ხვდება და ეს უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის. ამიტომ, არ მგონია, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა რამე სხვას ემსახურებოდეს.

რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში რა დანაკლისი გვაქვს, რეალურად ერთადერთი არის აქციზი. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ახსნა აქვს, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით, წელს ძალაში შევიდა რეგულაციები. შესაბამისად, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს შემოტანა იმპორტზე, რაც გასულ წლებში პირველ კვარტალში ხდებოდა-ხოლმე. ამასთან ერთად, გარკვეულწილად მარაგები იყო კომპანიების მხრიდან. ასე, რომ ეს დანაკლისი, რაც აქციზში გვაქვს, უკვე მომდევნო თვეებსა და კვარტალებში იქნება სრულად იქნება აღმოფხვრილი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებითაა შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ოპოზიციამ და მათმა ტელევიზიებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მთავრობამ პირველ კვარტალში დამატებითი ღირებულების გადასახადის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები