ლონდონში, უკრაინაში მიმდინარე ომის დამთავრების შესახებ დაგეგმილ შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები აღარ დაესწრებიან,- ამის შესახებ Sky News-ი წერს.
მანამდე, გავრცელდა ცნობები, რომ შეხვედრაზე აღარ ჩავიდოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
წინასწარი ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ, რომელსაც მოლაპარაკებებზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი წარმოადგენს, მოკავშირეებს უკრაინის სამშვიდობო გეგმა უნდა გააცნოს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას გულისხმობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მსგავსი ნაბიჯი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა, ხოლო რუსული ოკუპაციის აღიარება კონსტიტუციის დარღვევა იქნება.
სამაგიეროდ, როგორც მედია იუწყება, დისკუსიები გაიმართება ხუთი ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ დედაქალაქში იმყოფება და დევიდ ლემისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, დღეს ლონდონში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.