ბავშვი, რომელიც აღდგომის კვირაში ვერაგი დაავადებისგან განიკურნა — დილან ასკინის ისტორია
2015 წლის ბოლოს, როცა მსოფლიოში შობის მოახლოება სიხარულით აღინიშნებოდა, ბრიტანეთში მცხოვრები ასკინების ოჯახი უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მათი 2 წლის ვაჟი, დილან ასკინი მოულოდნელად ძალიან შეუძლოდ გახდა. თავიდან ეგონათ, რომ გაციებული იყო, თუმცა მისი სუნთქვა სულ უფრო მძიმდებოდა. სამედიცინო გამოკვლევებმა მოულოდნელი და შემზარავი დიაგნოზი დაადასტურა — ლანგერჰანსის უჯრედული ჰისტიოციტოზი (LCH), იშვიათი და პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც ფილტვებს აზიანებს.
ბავშვის ფილტვები მალე საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. დილანს პნევმონიაც დაეწყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის სუსტ სხეულს ერთდროულად რამდენიმე პრობლემასთან უწევდა გამკლავება.
2016 წლის დიდ პარასკევს (წითელი პარასკევი) დილანის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ექიმებმა მშობლებს პირდაპირ უთხრეს, რომ მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. აპარატები, რომლითაც ის სუნთქავდა, ხელოვნურად ინარჩუნებდა ბავშვის სიცოცხლეს.
მშობლებმა— კერი და მაიკ ასკინებმა — უდიდესი ტკივილით მიიღეს დილანის აპარატის გათიშვის გადაწყვეტილება და დაკრძალვის ცერემონიალის დაგეგმვაც გადაწყვიტეს. იმ დღეს, გამომშვიდობებისას, დედა შვილის საწოლთან იჯდა და ხელში მისი პატარა თითები ეჭირა.
თუმცა, როცა აპარატის გათიშვა დაიწყეს, მოულოდნელად მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა — დილანის გულისცემა სტაბილური გახდა, ჟანგბადის დონე კი, გაუმჯობესდა. გაოგნებული ექიმები შეჩერდნენ და დაკვირვება დაიწყეს. რამდენიმე საათში ნათელი გახდა: ბავშვი „ბრუნდებოდა“.
„მე მტკიცედ მჯეროდა, რომ ის ჩვენი აღდგომის სასწაული იყო. როგორც ქრისტე აღდგა, ისე დაბრუნდა დილანი ჩვენთან,“ — ამბობდა დედა.
აღდგომის კვირის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა. რამდენიმე კვირაში იგი იმდენად გამოკეთდა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილება დაეტოვებინა, ერთ თვეში კი, უკვე სახლში დაბრუნდა.
შემდეგი ორი წელი დილანი მკურნალობას აგრძელებდა. 2018 წელს ექიმებმა ოფიციალურად განაცხადეს — დილანი დაავადებისგან სრულად განიკურნა. ახლა ის სავსეა ენერგიით, სწავლობს, თამაშობს ძმებთან ერთად და ცხოვრობს ჩვეულებრივი, მხიარული ბავშვის ცხოვრებით.