ლევილის მერმა ტრადიციულ ღონისძიებაზე ლევილის მამულის პროექტის მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი
საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟში მერის ტრადიციული ღონისძიება (Cérémonie de vœux) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ლევილის მერმა ერიკ ბრევმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ცერემონიას ესწრებოდნენ: მუნიციპალური საბჭოს წევრები, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია და ლევილის მამულის ადგილობრივი მენეჯერი თეონა მელითაური.
ერიკ ბრევმა მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ლევილის მამულის პროექტის მნიშვნელობას.
„ქართული მამულის სრული რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. შატოს, ბიბლიოთეკისა და სხვადასხვა პავილიონის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ქართული რესტორანი „ოდაც“ დასკვნით ფაზაშია.
მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და მამულის ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული მრავალი ღონისძიებისთვის და ლევილელებისთვის გაღებული კარისთვის. ლევილი და საქართველო – ეს არის ორი განსხვავებული ენა, მაგრამ საერთო კულტურა, რომელიც გულწრფელ და ღრმა მეგობრობას ამყარებს“, – განაცხადა ლევილის მერმა.