ზელენსკი: უკრაინა მზადაა რეალური ნაბიჯებისთვის, გვჯერა, რომ ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მიღწევა რეალისტურია – ომი უნდა დასრულდეს

უკრაინა მზადაა რეალური ნაბიჯებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მიღწევა რეალისტურია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

„სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ შევხვდი ჩვენს მომლაპარაკებელთა გუნდს. ველოდებით, რომ შეხვედრები უახლოეს დღეებში, შესაძლოა უკვე ამ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართოს.

მოლაპარაკებათა ჯგუფის თითქმის ყველა წევრი, კერძოდ, რუსტემ უმეროვი, კირილო ბუდანოვი, სერგეი კისლიცია, ანდრეი ჰნატოვი და ოლექსანდრ ბევზი, დღევანდელ შეხვედრას დაესწრო. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს დავიდ არახამია. მე დავამტკიცე მოლაპარაკებების ჩარჩოები და დავსახე კონკრეტული ამოცანები.

უკრაინის დელეგაცია ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ამერიკულ მხარესთან. უკრაინა მზადაა რეალური ნაბიჯებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მიღწევა რეალისტურია. ჩვენ დასრულებულად მივიჩნევთ შეერთებულ შტატებთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს და ველოდებით აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების დოკუმენტებზე შემდგომ არსებით მუშაობას.

ასევე მოველით, რომ ამერიკული მხარე კვლავინდებურად გადამწყვეტ როლს შეასრულებს დიალოგისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაში. დეესკალაციის ზომები, რომლებიც ძალაში გასულ ხუთშაბათს, გვიან ღამით შევიდა, ხელს უწყობს მოლაპარაკებების პროცესისა და მისი შესაძლო შედეგებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებას. ომი უნდა დასრულდეს. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები