დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატი გააძევა

დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის მსგავსი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსი დიპლომატი გააძევა,- ამის შესახებ Reuters- ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

რუსეთმა გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა და გაძევება დაგმო.

„რუსეთის ელჩის გამოძახებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ნათლად განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ შეეგუება ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების დაშინებას და ამიტომ დღეს ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს რუსი დიპლომატის აკრედიტაციის გაუქმებით“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ შემდგომ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურებს ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები