ტრამპის თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას დათანხმდა.

მისი თქმით, ნარენდრა მოდი თანახმაა, რომ გაცილებით მეტი ნავთობი შეიძინოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას.

„დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის გავლენიანი და პატივცემული ლიდერია. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ვაჭრობაზე და რუსეთთან და უკრაინასთან ომის დასრულებაზე. ის დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას და გაცილებით მეტის შეძენას შეერთებული შტატებისგან და, შესაძლოა, ვენესუელისგან. ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება! პრემიერ-მინისტრ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის გამო, მისი თხოვნის თანახმად, რომელიც დაუყოვნებლივ შევა ძალაში, ჩვენ შევთანხმდით აშშ-სა და ინდოეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები შემცირებულ ორმხრივ ტარიფს დააწესებს, რომელიც მას 25%-დან 18%-მდე ჩამოსწევს.

ისინი, თავის მხრივ, დაიწყებენ მუშაობას აშშ-ის წინააღმდეგ არსებული ტარიფებისა და არატარიფული ბარიერების ნულამდე დასაყვანად. პრემიერ-მინისტრმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ ბევრად უფრო მაღალ დონეზე „იყიდოს ამერიკული“, რაც დამატებით გულისხმობს 500 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აშშ-ის ენერგორესურსების, ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ნახშირისა და მრავალი სხვა პროდუქტის შესყიდვას. ჩვენი საოცარი ურთიერთობა ინდოეთთან მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ვართ ორი ადამიანი, ვინც საქმეს აკეთებს, რისი თქმაც უმეტესობაზე შეუძლებელია“, – წერს ტრამპი Truth social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები