შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გ.ქ. და გ.მ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში მრავალჯერ ნასამართლები 1999 წელს დაბადებული გ.ქ. და 1956 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული გ.მ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა და 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები