შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით – ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი
ერთ რამეს ვეტყვი ყველას – საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია წლებია, ცდილობს მათ წინააღმდეგ პროპაგანდა ჩამოაყალიბოს, თითქოს საქართველო „სადღაც მიდის“.
„ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო სინამდვილეში არსად არ მიდის. ჩვენ ვართ იქ, სადაც ბოლო 3 000 წელია ვართ, როგორც სახელმწიფო – სადაც ვიყავით, იქ ვართ. აი, სხვადასხვა იმპერია, დიდები, საშუალოები მოდიოდნენ, ზოგი ჩვენს გარშემო, ზოგი ჩვენთან ცდილობდა გავლენის მოხდენას, იშლებოდნენ, მიდიოდნენ, იმსხვრეოდნენ. ჩვენ სადაც ვიყავით, იქ ვართ.
ჩვენი ამოსავალი არის ეროვნული ინტერესი. აი, ეს არის პრობლემა, დღეს სამწუხაროდ, ზოგიერთი საელჩოს წყალობით. ზოგიერთი უცხოური ჯგუფის წყალობით, ჰყავთ საკუთარი ოპოზიციური, სპექტრიდან გამომდინარე ჯგუფი – ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა მოძებნონ ახალი ბატონი, ხელმძღვანელი, უნდა გახდნენ ახლის მონა, ვასალი; გარკვეული მინიონები – ანიმაციური ფილმი რომ არის, რომლებიც მუდამ ეძებენ ბატონს. ასეთი ჯგუფია ადამიანების, ოპოზიციის სახით, რომელიც ფიქრობს, რომ არსებობს ცუდი და კარგი ბატონი. ცუდი იყო რუსეთი და კარგია ბრიუსელი. უნდათ, რომ რასაც ის იტყვის, ის უნდა გაიმეორონ. ამას ხომ გვეუბნებიან – რას გვეტყვიან, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ – გვითხრა სახალხო დამცველის მოადგილემ, შემდეგ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა, ახლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა – ერთმა ადამიანმა. მოასწრო, სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელიც იყო, უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტში მუშაობდა, საელჩოში და ახლა გვეუბნება, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენელია, მან გვითხრა. ის დარჩება ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც გვითხრა, რომ ცალ ფეხზე უნდა დადგე, თუკი ბრიუსელი ამას გეტყვის. ასეთი მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძიებაა ახალი ბატონის. ეს არის ნამდვილი მონობა სინამდვილეში, რასაც დღეს ვხედავთ, თითქოს პროგრესულობის დროშის ქვეშ.
ამიტომ, ერთ რამეს ვეტყვი ყველას – საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.