„უნდა დადგინდეს, იყო თუ არა კავშირი გიორხელიძის გამტაცებლებსა და მთავრობის ყოფილ მმართველებს შორის“

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა განაცხადა, აუცილებელია, დადგინდეს, იყო თუ არა კავშირი გამტაცებლებსა და მთავრობის ყოფილ მმართველებს შორის.
მინისტრმა გატაცებულის გათავისუფლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ არსებული მთავრობის პირობებში დანაშაული ვერ აღორძინდება.
„ფაქტი არის ერთადერთი, რომელიც არ არის სადავო და ვერავინ გახდის სადავოდ, რომ გამტაცებლები არიან კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები. როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კუდ-ი და სოდ-ი მაშინდელი სახელმწიფო დანაშაულებრივი საქმიანობის მთავარი რგოლები იყვნენ და მონაწილებდნენ არა მხოლოდ ადამიანების გატაცებაში, არამედ სხვადასხვა ტიპის ძალადობაში, მათ შორის მამაკაცების გაუპატიურებაში. ეს ფაქტი, რომელიც შს სამინისტრომ აბსოლუტურად პროფესიონალურად, ძლიერებითა და ყოველგვარი დანაკარგების გარეშე გახსნა, მოწმობს, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დანაშაული ვერ გაიფურჩქნება, ვერ აღორძინდება. უბრალოდ, აუცილებელია, დადგინდეს, იყო თუ არა კავშირი კუდ-ი ს ყოფილ თანამშრომლებსა და ყოფილი მთავრობის მმართველებს შორის. ამას ალბათ გამოძიების პროცესში მეტი ნათელი მოეფინა, თუმცა, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამგვარი წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებით ცდილობდეს სწორედ „ნაცმოძრაობა”, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოსდა, დანაშაულმა იმატა. რა თქმა უნდა, ასეთი დანაშაულები, თუ თავად მოიფიქრეს და დადგეს, დანაშაულის მატებაზე შემდეგ სპეკულაციებიც შეიძლება წარმატებით შეძლონ. მაგრამ მთავარი არის ის, რაც შს სამინისტრომ გააკეთა. კერძოდ, საქმე გახსნა ისე, რომ არ გახმაურებულა, ვინაიდან ამით შეიძლებოდა, გატაცებულის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. რაც შეეხება იმას, უნდა შეიქმნას თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები