ლევან მაჭავარიანი: მდიდარი “ენჯეოებისა” და მათი დონორი ორგანიზაციების მუშაობა მთლიანად ემსახურება ძირის გამომთხრელ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში
“მდიდარი ენჯეოებისა და მათი დონორი ორგანიზაციების მუშაობა მთლიანად ემსახურება ძირის გამომთხრელ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გერმანიის ლობისტების რეესტრშია დარეგისტრირებული.
მაჭავარიანის შეფასებით, ისინი მავნებლობას ემსახურებიან.
„პირდაპირ მიუთითეს თუ რატომ იყო ამხელა აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი ჩვენს საზოგადოებაში სწორედ ამ მდიდარი ენჯეოებისა და მათი დონორი ორგანიზაციების მხრიდან, როცა ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის ქართულ კანონს. მათ ურჩევნიათ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოამზეურონ თავიანთი დანახარჯები, შემოსავლები და ა.შ., მაგრამ ეს არ ანახონ ქართველ ხალხს. ვინაიდან ისინი მავნებლობას ემსახურებიან საქართველოში და მათთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე დამაზიანებელი არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წაიკითხონ თუ რა თანხა ჩაერიცხათ, საიდან და შემდეგ წაიკითხონ, თუ რა პროექტებში დაიხარჯა ეს თანხები. მათი მუშაობა მთლიანად ემსახურება ძირის გამომთხრელ საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.