ფინეთის ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში „საქართველოს სინფონიეტა“ ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავს
16 აპრილს, ფინეთის ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, „საქართველოს სინფონიეტა“ ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავს და ანტონი ვივალდის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, „საქართველოს სინფონიეტასა“ და „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრს“ შორის კოლაბორაცია 2022 წელს დაიწყო, როცა პირველად, ფინელი მუსიკოსები „თბილისის ბაროკოს ფესტივალს“ ესტუმრნენ, 2023 წელს კი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, მათი მიწვევით, ფინეთში გაემგზავრა საკონცერტო ტურნეზე და ჰელსინკსა და რაუმაში 2 კონცერტი ჩაატარა .
ქართველ და ფინელ მუსიკოსებს შორის ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება და წელს, ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება, „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ შესრულებით, 2025 წლის „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ ბახის მუსიკა მოისმინონ.