ირაკლი კობახიძე – თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, განვიხილეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, გვაქვს ორმხრივად დადასტურებული ინტერესი, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის
“ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყველა თემას შევეხეთ, რაც დაკავშირებულია ჩვენს პარტნიორობასა და ურთიერთობასთან,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.
მისივე თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე.
„ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ კეთილმეზობლური, არამედ ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე, ეკონომიკური კუთხით სტრატეგიული პარტნიორობა, გვაქვს არაერთი სტრატეგიული პროექტი. მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატიც, რომელიც ჩვენ, თურქეთს და აზერბაიჯანს გვაკავშირებს. ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად დღეს არსებული ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, არსებობს განვითარების შემდგომი პოტენციალი. ყველა თემას შევეხეთ და გვქონდა ორმხრივად დადასტურებული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები,”- აღნიშნა პრემიერმა.