რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზება და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამინისტროს – რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტთა პაკეტი მოამზადა, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტით და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებები და ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების შექმნა იგეგმება.

ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები – საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემათ.

საპარლამენტო მდივანმა სამინისტროში დასაქმებულ პირთა და უწყების საბიუჯეტო დაფინანსების გაყოფის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ფარგლებში სპეციალური კომისია შეიქმნება და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით განისაზღვრება თუ რომელ სამინისტროებში გააგრძელებენ მუშაობას დღეს მოქმედი სამინისტროს თანამშრომლები.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტივებისა და ვალდებულებების მართვას, კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში მთავრობას შესაბამისი კომისიის შექმნა დაევალება, რომელიც სამინისტროს საბალანსო მონაცემებს და სამსახურებრივ დოკუმენტაციას ორი სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად გაანაწილებს.

კომიტეტის წევრებმა რიგ საკითხებზე – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემდგომ განხორციელებაზე, სხვადასხვა სამინისტროს მიერ რეგიონული პოლიტიკის კოორდინაციის მიმართულებებზე, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებზე და დასაქმებულ პირთა ახალ სამინისტროებში გადანაწილების პრინციპზე საკითხზე მომხსენებელს კითხვებით მიმართეს და მისგან განმარტებები მოისმინეს.

საკითხის განხილვის შემდეგ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები