„პირში წყალი გამოივლონ და ალასანიაზე მერე ილაპარაკონ“

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე, ამავე პარტიის თავმჯდომარის და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ფარულ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობას უაყოფს და მსგავსი ინფორმაციის გამავრცელებლებს ალასანიას ხსენებისას პირში წყლის გამოვლებას ურჩევს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები და მისი ლიდერი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფარულ გარიგებებში არასოდეს შედის. „ირაკლი ალასანიაზე პრინციპული, კონსტრუქციული და ვაჟკაცური თუ არის ვინმე, გინდა პოლიტიკოსი და გინდა პიროვნება, ადგნენ და მიპასუხონ. გარიგებებს რაც შეეხება, „თავისუფალი დემოკრატები“ გარიგებებზე წამსვლელები არ ვართ. როდესაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, ირაკლი ალასანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც თავის გუნდთან ერთად პრინციპულად დაუპირისპირდა რეჟიმს. ამიტომ, თუ ამგვარ სპეკულაციებს უნდა ჰქონდეს ადგილი, პირში წყალი გამოივლონ და მერე ილაპარაკონ ირაკლი ალასანიაზე და მის პარტიაზე. ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ევროპული ინტეგრაცია სრულყოფაში მოვიყვანოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. „თავისუფალი დემოკრატები“ ძლიერი კოალიციაა“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. დოლიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზეც ისაუბრა, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება და პარტიის თავმჯდომარე ისევ ირაკლი ალასანია გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები