მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა და ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა და ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს, წლევანდელ ფორუმს გახსნის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.
„საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე – „რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში“.
ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.