წაადგება თუ არა საქართველოს ახალი „როკის გვირაბი“?!
დაღესტანი-კახეთის მიმართულებით ახალი „როკის გვირაბის“ შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თუ ახალი მაგისტრალი რეგიონალურ-სავაჭრო ეკონომიკურ ბრუნვას წაადგება, მისი მშენებლობა მისასალმებელია. „თუ ახალი მაგისტრალი რეგიონალურ-სავაჭრო ეკონომიკურ ბრუნვას ხელს შეუწყობს, მსგავს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთი ჩვენ არ გვეკითხება, ჩრდილო კავკასიაში რას ააშენებს, ეს მათი ხელისუფლების საქმეა. ზოგადად კი, ირანი იქნება, დასავლეთ ევროპა თუ რუსეთი, მსგავსი კომუნიკაცია ქვეყნების ურთიერთობებს ხელს უწყობს. თუმცა, აღნიშნული საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია“,- აღნიშა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ დაღესტნის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პირველი აგვისტოდან რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას იწყებს. ავარო -კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება. რთული რელიეფის გამო სამუშაოები 30 მილიონამდე დაჯდება. რადგან 83 -კილომეტრიანმა გზამ უნდა გაიაროს სამი მთა, საჭიროებს 25 ხიდისა და ხუთი გვირაბის აშენებას. „ავარო-კახეთის გზა უმოკლესი იქნება საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად”, – განაცხადა დაღესტნის საგზაო სამსახურის უფროსმა ზაგიდ ხუჩბაროვმა.