„რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც ვალდებულებების შესრულება მოუწევს“

„საქართველოს ნურავინ მოსთხოვს რუსეთთან ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შესრულებას. ცალმხრივი ვალდებულება ბევრჯერ აგვიღია, მაგრამ დღეს ბურთი არის რუსეთის მოედანზე“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ რეზოლუცია მრავალჯერ იქნა მიღებული, რუსეთმა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. „ჩვენ ცალმხრივი ვალდებულება ბევრჯერ აგვიღია, ბევრი რეზოლუცია მიგვიღია საქართველოს პარლამენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტს. დღეს ბურთი რუსეთის მოედანზეა. სწორედ მან უნდა შეასრულოს ვალდებულება, რომელსაც 2008 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა მოაწერა ხელი. ამ ვალდებულებას რუსეთის ფედერაცია ვერ გაექცევა“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კარასინი – აბაშიძის შეხვედრის ფორმატზეც ისაუბრა, რომელიც 16 ოქტომბერს იწყება და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას გარკვეული შედეგი აქვს: „აღნიშნული ფორმატის შედეგია, რომ რუსეთის ბაზარზე ათობით მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა. თუმცა სამხედრო- რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკის კუთხით რუსეთს ბევრი ვალდებულება აქვს შესასრულებელი. „ კარასინი აბაშიძის შეხვედრიდან ბევრი პროგრესი გვაქვს. რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე, ევროკავშირის 40%-ზე მეტი სავაჭრო ბრუნვა რუსეთში ხდება. ყურძნის ფასი 60 თეთრიდან 2 ლარამდე, ზოგიერთი ჯიშის კი 3 ლარამდე გაიზარდა და გლეხებს აღარ ეშინიათ, რომ მოსავალს ვეღარ გაყიდიან. შედეგები, რაც ამ ფორმატიდან მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ჯდება იმ კონტექსტში, რომელსაც სამხედრო რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკა ჰქვია. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის სამხედრო აგრესორია და მას თავის ვალდებულებების შესრულება მოუწევს“,- აღნიშნა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ სოხუმი დაჟინებით ითხოვს, საქართველომ ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოხუმი ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრებში არ ჩაერთვება. არ არის გამორიცხული, აღნიშნული საკითხი კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზეც წამოიწიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები