ბრიუსელში ხვალ საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იწყება

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ბრიუსელში, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობს. დოლიძე ბრიუსელში დღეს მიემგზავრება. მანამდე კი მან საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ევროპარლამეტარები საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციის ტექსტზეც მუშაობენ. „ბრიუსელში არერთ თემას შევეხებით. მათ შორის, სამხედრო პოლიტიკურ საკითხებს, ეკონომიკურ თუ ადამიანის უფლებების თემას. ევროპარლამენტში, რატიფიკაციის პროცესთან ერთად, მოსამზადებელია რეზოლუციაც. რეზოლუციის თავდაპირველი ტექსტი კარგი და სამართლიანია და ბუნებრივიცაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი დამატებებიც ექნებათ“, – აღნიშნა დოლიძემ და იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ტექსტში დეოკუპაციის აუცილებლობის აღნიშვნა. ჩვენ ღია ვართ ყველანაირი კრიტიკისთვის და შენიშვნისთვის, ჩვენ დემოკრატიულ მთავრობას წარმოადგენთ და მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიღებთ შენიშვნას და კრიტიკას. ბოლო 23 წლის განმავლობაში ასეთი ღია ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები