“რძის უმძიმესი კრიზისი გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, რძე არ გვაქვს, ჩვენთან ნედლი რძის დეფიციტია ” – „ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე

“საერთოდ, რძის უმძიმესი კრიზისი გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, რძე არ გვაქვს, რადგან ორგანიზებული ფერმები არ გვაქვს. ნედლი რძის დეფიციტი გვაქვს” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას “ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განაცხადა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ რძის პროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

კოსმოსს უნდა ვუთხრა მადლობა იმისთვის, რომ ეს [რძის] სკანდალი მოხდა. ახლა დავიწყეთ ფიქრი კვერცხზე, ხორცზე, მწვანილზე. მე თავად პესტიციდების მზომი გამოვიწერე. არასდროს თავში არ მომსვლია, პესტიციდების მზომი სახლში მქონოდა, რადგან მეც, ისევე როგორც ათასობით, მილიონობით ადამიანი სახელმწიფოს ვენდობი, რომელიც ვალდებულია, ამ საფთხეებისგან დამიცვას. სულ ვამბობ, 3 მოთამაშეა: სახელმწიფო, ბიზნესოპერატორი (მწარმოებელი), მომხმარებელი. მითხარით, ბოლოს როდის ნახეთ ადამიანი ლუპით ხელში ეტიკეტს, ან ვარგისიანობას კითხულობდა? ამას არ ვაკეთებთ, ამის გამოცდილება არ გვაქვს, სისხლში არ გვიზის; აგერ, ხომ არის სახელმწიფო, იმან იმტვრიოს თავი, მითხრას რა ვჭამო, რა არაო.
იყო მეორე სკანდალი, რომელიც “ყვარლის ბაგის” თემას ეგრევე მიჰყვა. ცუდი რამ მოხდა. კომპანიას არ დავასახელებ, ის ხალხი ძალიან დიდ შარში გაეხვია, გულწრფელად მეცოდებიან, არცერთი ბიზნესი, არც დიდი, არც პატარა, არ მემეტება ისეთი სკანდალისთვის, ისეთი რეპუტაციული განადგურებისთვის, რაც ამ კვირას მათ თავს დაატყდათ, თუმცა, მათი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი უნდა ყოფილიყო.
ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენთან არის (რატომ დაატყდათ რისხვა ზუსტად იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებისგანაც მეტ სიფრთხილეს, მეტ ორგანიზებულობას, მომხმარებლის მიმართ მეტ ემპათიას ველოდებოდით): საერთოდ, რძის უმძიმესი კრიზისი გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, რძე არ გვაქვს, რადგან ორგანიზებული ფერმები არ გვაქვს. ნედლი რძის დეფიციტი გვაქვს. სტატისტიკოსები ამბობენ , სახელმწიფოც მეუბნება, რომ მხოლოდ 30 % გვაქვს იმ ნედლი რძის მარაგი , რომელიც ბაზარს სჭირდება. რა ხდება 70 %-ის შემთხვევაში? ესაა იმპორტი, შემოტანილი ყველი, რძემჟავა პროდუქტები, იოგურტები, კრემყველები და ა.შ. მარკეტები, ჰიპერმარკეტები უცხოური პროდუქციითაა გადაძეძგილი. უშუალოდ რძეს რაც ეხება – ვკითხულობთ წარწერებს: “საღი რძე”, “აღდგენილი რძე”, “ნედლი, პასტერიზებული”. “ნედლი, პასტრეიზებული” ძალიან ცოტას უწერია, “საღი”, აღდგენილი რძე” – ეს ბევრს უწერია. რძემჟავა პროდუქტების, რაც საქართველოშია, მეტი წილი აღდგენილი რძისგან მზადდება და ამაში ტრაგედია არაფერია , თუ კარგ, ჯანსაღ , 100 %-იან ცხიმს ვიხმართ, ისევ ცხოველურს , ანუ კარაქისებრს, ერბოსებრს და ა.შ. სამწუხაროდ, ძალიან ღარიბი ხალხი ვართ იმისთვის, რომ ძვირადღირებული, ან ახალ ზელანდიური, ან კანადური , ან რომელიმე თავმოყვარე, ცივილური ქვეყნის ცხიმები გამოვიყენოთ, იაფ პროდუქტზე მიგვიწვდება ხელი და ამ იაფ, მცენარეულ ცხიმებს გამოვიყენებთ, როცა რძეს ფხვნილისგან აღვადგენთ.
საერთოდ, იმაში ტრაგედია არ არის , როდესაც ფხვნილის რძეს მოვიხმართ, ის არის 1000 და მეტ გრადუსზე გაცხელებული, გაუწყლოებული ფხვნილი და მერე წყალს ვასხამთ. ამიტომ ეძახიან აღდგენილს. როგორც კი ჩვენ მასში რაიმე ტიპის ცხიმს გავურევთ, იმ წუთში ჩვენი პასუხისმგებლობა იწყება, თუ რომელ ცხიმს ვიყენებთ, ტრანსცხიმს, ქოქოსისას, თუ პალმისას. ქოქოსი და პალმის ცხიმი სად არის ამდენი და ისეთი ძვირია, რომ ეგ გამოვიყენოთ. ნეტა მაგას ვიყენებდეთ, ოღონდ დოზირებულად.

კითხვაზე – როგორი პროდუქტი უნდა შეიძინოს ადამიანმა, ამაზე უმოკლესი პასუხი მაქვს – შემოწმებული, გინდა საგლეხო მეურნეობის იყოს, და გინდ არა. საოჯახო მეურნეობა და ბიზნესი იმ წამს თანაბრდება, როგორც კი ის პროდუქტს გასაყიდად გამოიტანს. მე, მაგალითად, კატეგორიულად მოვითხოვდი, რომ ყოველ კვირა შემამოწმებინონ, ოღონდ ტარიფები დაწიონ, მიკრობიოლოგიის და მახასიათებლების შემოწმება ჩვენთან ძვირია, 100- 120 ლარი ღირს და ყოველ კვირას ამის ფული არცერთ საოჯახო მეურნეობას არა აქვს. ახლა სახელმწიფო უნდა დაჯდეს, ხელები კარგად დაიკაპიწოს, მთელი საქართველო შემოიაროს და დარღვევები გამოავლინოს, კეთილი ინებოს და რეგულაციები გაამკაცროს, ენის მოჩლექის დრო დასრულებულია” – განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.
“პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს.
“შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და1031 ნიმუში აიღო, მათ შორის, “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად გაეცნობა საზოგადოებას”, – აცხადებენ უწყებაში.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები