“დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით” – წულუკიანი
“დღეს ჩვენ სხდომა უნდა გაგვეხსნა ბატონი ნიკა გვარამიას მოსმენით. 10 საათზე გახლდათ ის დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადდა. ასევე საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აცხადებს.
“ჩვენ გვაქვს წინა კვირიდან დარჩენილი საკითხი, რომელიც ეხება გივი თარგამაძეს. პირადად ჩაიბარა მან შეტყობინება და შემდეგ, ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომისიაზე მოსვლას და 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა.
ასევე ჩვენ, დღევანდელ სხდომაზე, 11 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, ოფიციალურად მოიწერა სამდივნოს ოფიციალური არხებით საყვედური, რომ ნუ ვაწუხებთ მას იმიტომ, რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში.
შესაბამისად, დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით”, – აცხადებს წულუკიანი.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003-2012 წლებში, სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
პარლამენტში დაბარებულები იყვნენ ნიკა გვარამია და ზურა -გირჩი ჯაფარიძე, თუმცა კოალიცია “ცვლილებების” ლიდერები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც კომისიის გადაწყვეტილებით მათი საქმეები პროკურატურას გადაეცა.