ალექსანდრე წულაძემ ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ქალაქ ბოლნისის მესამე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ, ახალი სამგორის საჯარო სკოლებში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გაეცნო.
ალექსანდრე წულაძის განცხადებით, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისთვის, რაც, თავის მხრივ, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდას უწყობს ხელს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, სკოლების როგორც ინფრასტრუქტურული, ისე შინაარსობრივი განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
ქალაქ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლა 210 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ლარამდეა.
ორივე საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
სკოლის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯინჭარაძემ; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრავამ.