სამხარაძე: მიმაჩნია, რომ როგორი სახის შეთანხმებაც არ უნდა იყოს მიღწეული აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებით, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს აღმოსავლეთ ევროპისა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე

„მიმაჩნია, რომ როგორი სახის შეთანხმება არ უნდა იყოს მიღწეული აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებით ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს აღმოსავლეთ ევროპისა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე,“ – ამის შესახებ ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან განაცხადა.

მისი თქმით, ცხადია, რომ ახლა პრიორიტეტი ომის დასრულებაა, თუმცა, საუბარია გრძელვადიან მშვიდობაზე, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ახალი ომი არ დაიწყება.

„ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ ახლა პრიორიტეტი ომის დასრულებაა. თუმცა, საუბარია გრძელვადიან მშვიდობაზე, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ახალი ომი არ დაიწყება. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ახალმა ადმინისტრაციამ სრულად იცის ეს რისკები და რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი შეთანხმება, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ასევე ითვალისწინებს გარანტიებს, რომ ახალი ომი არ დაიწყება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ აღიქვამთ დაძაბულობას ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროკავშირს შორის.

„ეს დაძაბულობა გამოწვეულია იმ განსხვავებული მიდგომებით, რომლითაც ორი ადმინისტრაცია აღიქვამს ევროპაში უსაფრთხოების ვითარებას. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც ევროპულ ქვეყნებს სთხოვს მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, რაც ევროპელებისთვის ახალი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპმა ეს ითხოვა 2016 წელს. როგორც მე შევამჩნიე, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკის ადმინისტრაცია ახლა ყურადღებას აქცევს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა რეგიონებს, რის გამოც ევროპელების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოთხოვნა გამართლებულია. თუმცა, არ მჯერა, რომ ეს გაუგებრობები ორ მხარეს შორის დიდ კონფლიქტს გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატები და ევროპელები მიაღწევენ კონსენსუსს, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს შიგნით კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ევროპელებმა უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და გეოპოლიტიკური არქიტექტურის თვალსაზრისით, უფრო აქტიური როლი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე მანამდე.“, – დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები