2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის არ უთქვამს, გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ – ხალხმა თავს თვითონ უშველა

“ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის არ უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაც ლომის წვლილი მივიღე ან გმირად წარმოვაჩინო თავი. ხალხმა თავს თვითონ უშველა, თვითონ დააღწია ხალხმა თავი”, – ამის შესახებ,  2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, 8 აგვისტოს აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები და თავად უთხრა მოსახლეობას, რომ გადაერჩინათ თავი და წასულიყვნენ, ხოლო 9 აგვისტოს სკოლის ავტობუსით გაიყვანა მოხუცები. მისივე თქმით, პოლიციის უფროსმა ვანო დათაშვილმა უარი უთხრა ხალხის გაყვანაზე, რადგან არ ჰქონდა ბრძანება მიღებული, მაგრამ კაპანაძემ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მოახსნევინა ბლოკპოსტები.

„რა თქმა უნდა, წინა დღეებში ვფიქრობდი, რომ გამეყვანა ხევებით, როგორღაც, რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში, მაგრამ დერეფანი მოგვცეს და გამოვიყვანეთ. ხოლო მეორე დღეს უკვე 8-ში, ჯარი რომ წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც 7 საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან, მოსახლეობას ვუთხარი, რომ თავს უშველეთ მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ წადით იქ, უკვე დარჩენილ მოსახლეობას. იქ იყო რა თქმა უნდა ქალები, იყვნენ კაცები, რომლებსაც თავიდან ავუკრძალე რომ არ უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მერე ვუთხარი გაერიდეთ და წადით მეთქი და მივედი, პოლიციის უფროსი იყო მაშინ ვანო დათაშვილი და ვუთხარი, რომ ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფელ ნულიდან და ავნევიდან და გამოეყვანა თავისი ხალხი. მითხრა, რომ ბრძანება არ მიმიღიაო და ვერ გავაკეთებო. მე ვუთხარი, რომ დამაბრალე მე, პირველ რიგში დაგხოცავენ ფორმიანებს, არცერთს არ დაგინდობენ, ყველას დაგხვრეტენ და გადით დატოვეთ, იმიტომ, რომ იქ აღარავინ აღარ იყო, მოხუცები იყვნენ. რა თქმა უნდა დამიჯერეს, წამოვიდნენ. მე დავრჩი და 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც მსურველი იყო მოხუცი გამოვიყვანეთ და ქარელში ჩამოვიყვანეთ. ორივე სოფელში დაახლოებით 50 მოხუცი დარჩა, ნულში და ავნევში, არ გამოგვყვნენ. რატომღაც ეგონათ, რომ დაინდობდნენ, მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის მერე, იმათ შემოსვლა დაიწყეს 11 რიცხვში, დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა და ბევრი მაშინ დაიხოცა. გამოყვანის დროს არცერთი ადამიანი არ დამეღუპა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები