2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგავასა და ყურაშვილზე: მინდა წუხილი გამოვთქვა, რომ აცდენილი არიან დროის მონაკვეთში, ფაქტებზე – მინდა სიმართლე მოგიყვეთ, რასაც ნებისმიერი იქ მაცხოვრებელი გაიმეორებს – 6 აგვისტოს გზები გახსნილი იყო და გუბერნატორი შემოვიდა ჩემთან, 7 აგვისტოს [ორი ქართველი სამშვიდობო] გარდაიცვალნენ, მიცვალებულები ჩვენ ჩამოვიყვანეთ

როგორც მთელი საქართველო, ამ კომისიის სხდომების მიმდინარეობას მეც ვუსმენდი და მინდა, წუხილი გამოვთქვა, რომ ის პიროვნებები, ვინც იყვნენ გამოსულები, აცდენილი არიან დროის მონაკვეთში, ფაქტებზე, – ამის შესახებ 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი კაპანაძემ, გენერლებზე ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილზე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის თემას განიხილავენ.

კაპანაძის განცხადებით, სოფელ ნულზე შეტევა 2 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო და მისი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ გამოყენებული იყო ისეთი იარაღი, რაც იქ დისლოცირებულ სამშვიდობოებს არ უნდა ჰქონოდათ.

“მინდა სიმართლე მოგიყვეთ – ის სიმართლე, რასაც ნებისმიერი იქ მაცხოვრებელი ადამიანი, თუ გინდათ ათასამდე რომ გამოკითხოთ, იმას გაიმეორებს რასაც მე ახლა გეტყვით.
შეტევა დაიწყო სოფელ ნულზე 2 აგვისტოს, გამთენიისას 6საათზე. სროლები და შეტევები ყოველთვის იყო ხოლმე, მით უმეტეს, ღამის საათებში, მაგრამ გამიკვირდა ის, რომ ეს უკვე აღარ ჰგავდა ავტომატური იარაღით სროლებს – გამოყენებული იყო დიდი იარაღი, ე.წ. ყუმბარმტყორცნები. იყო ისეთი იარაღი გამოყენებული, რომ ეს იარაღი არც სამშვიდობო ძალებს არ უნდა ჰქონოდათ იქ დისლოცირებულებს.” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, გენერლების ნაამბობში აცდენაა ქართველი სამშვიდობოების მკვლელობის თარიღშიც და ისინი რეალურად, 7 აგვისტოს გარდაიცვალნენ. კაპანაძის განმარტებით, სწორედ მას მოუწია ამბულატორიაში დაჭრილების და კონტუზირებულების ტრანსპორტირება და ამას ყველა ადგილობრივი დაადასტურებს.

“ეს იყო 7 აგვისტო, დაახლოებით 4-დან 5 საათამდე, როცა ისინი [ორი ქართველის სამშვიდობო] დაიჭრნენ და გარდაიცვალნენ. 6 აგვისტოს გზები გახსნილი იყო, 6 აგვისტოს გუბერნატორი შემოვიდა ჩემთან. 7 აგვისტო იყო, ამას დაადასტურებს ათასამდე ადამიანი, იქ მაცხოვრებელი. მიცვალებულები ჩვენ ჩამოვიყვანეთ, ამბულატორიაში დაჭრილები მე ჩამოვიყვანე, კონტუზირებულები მე ჩამოვიყვანე. რამდენიმე კონტუზირებული იყო, რომლებიც ვერც ხედავდნენ, ნული პროცენტი ჰქონდათ ხედვა და არც ესმოდათ, მე ჩამოვიყვანე.
გამიკვირდა [გოგავა და ყურაშვილი], რომ დროში აცდენილები იყვნენ და ფაქტები არასწორი იყო – როდის შეწყდა, როდის დაიბლოკა, ევაკუაცია როგორ და რანაირად მოხდა. მე უბრალოდ გამიკვირდა, შემდეგ ჩემი მოსახლეობაც მირეკავდა, რა ხდება, რატომ არის ეს რიცხვები არეულიო, მეკითხებოდნენ.” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები