2008 წელს თიღვის გამგებელი – აგვისტოს ომის მოვლენებზე: ჩემთან მოვიდა ნიკო გასიევი და გადმომცა, რომ [წუნარის წყალსაცავის მიდამოებიდან] „გაიყვანოს ხალხი, თორემ ყველა დაიხოცებაო“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 -2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკითხები განიხილება, 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე ომის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, სადაც მას ხალხის გაყვანის შესახებ დანაბარები გადასცეს.

„6 რიცხვში მე მიკავშირდებოდა და ვერ დამიკავშირდა, ასეთი პიროვნება იყო ინალ ბაზაევი. ეს იყო წუნარისა და ტბეთის მხარეზე საველე მეთაური. ამავე დროს, ცხინვალში ე.წ. პარლამენტი ჰქონდათ, 35 პარლამენტარი ჰყავდათ და იმ პარლამენტის წევრი იყო. ჩემთან მოვიდა ნიკოლოზ (ნიკო) გასიევი და გადმომცა ასეთი რაღაც. გიორგი კაპანაძე ვარ, მაგრამ აბსოლუტურად მთელი ზნაურის რაიონი, ოსებიც და ცხინვალის ოსებიც, ყველა მიცნობდა, როგორც გონერი კაპანაძეს. გადაეცით გონერს, რომ მაღლა, მინდორში, წუნარის წყალსაცავის მიდამოებში, პოლიციის საგუშაგო გვქონდა, რომ ეს გზა არ დაეკეტათ, ავნევი ნიქოზის გზა არ დაეკეტათ, „გაიყვანოს იქიდან ეს ხალხიო, თორემ ყველა დაიხოცებაო“.
მე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადავეცი პოლიციის უფროსს, ვანო დათაშვილს. ვანო დათაშვილი დაუკავშირდა შალვა ტრამაკიძეს, რომელიც იყო [შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი] სამმართველოს უფროსის მოადგილე მაშინ და კონფლიქტის ზონებს კურირებდა. დაუკავშირდნენ და გამოიყვანეს ეს პოლიციელები. დაახლოებით 15-მდე პოლიციელი იყო. ეს კავშირი, რაც მქონდა ოსებთან იმ პერიოდში. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ვერავის ვუკავშირდებოდი, მხოლოდ და მხოლოდ ვინც მახსოვს ჯამბულ ბაკურაძე იყო, მამუკა ყურაშვილი, დიმიტრი სანაკოევი, ბატონი ბესტაევი მიკავშირდებოდა და მთხოვდა, „როგორმე მოგაწოდო მედიკამენტები და შესახვევი მასალები“, ეს იყო და ლადო ვარძელაშვილი. ესენი იყვნენ ვისაც ვუკავშირდებოდი“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები