სოზარ სუბარი კოდორის ხეობის შესახებ: ის, რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა
„ფორ-პოსტის (რომელიც იყო ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი), ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა,” – განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს უსმენდნენ კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, კოდორის ხეობის მოღალატეობრივად მტერს მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა.
„კოდორის ხეობაში ვიყავი ძალიან ხშირად. 1993 – 1994 წლებშიც, როცა პირველი ბრძოლები და მოლაპარაკებები იყო. შემდგომ წლებში კი წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი კოდორში და ვხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას – იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანი, ბატონი ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით. ხეობაში არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, იყვნენ სხვებიც. იქ გავიცანი არტილერისტი ჯუმბერ ანანიძეც.
შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ [ემზარ კვიციანს], რაზეც აქ ისაუბრეთ და ვიფიქროთ, რომ ზოგი რამ თქვენი ინტერპრეტაციაა და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი მოხსენება საინტერესო იყო.
მინდა ორი რამ ვთქვა კომისიის სხდომების წინა მოსმენებთან დაკავშირებით. გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი უწოდა ბატალიონ „მონადირის” გაუქმებას. კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს სიტყვა ღალატის მოერიდა და მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა და სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული და მეორე, ბატონმა გოგავამ თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის! უბრალოდ, მართლა იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, ვინც ვრეკავდით და ვაფრთხილებდით ადგილობრივებს, რომ დროზე დაეტოვებინათ ხეობა იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდი მსხვერპლის საფრთხე.
ამ ფორ-პოსტის (რომელიც იყო ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი), ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა. ის, რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა – ეს მინდოდა მეთქვა,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.