თეა ზაქარაძე British Airways-ის ოპერირების დაწყებაზე: ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდი პატივი და გამოწვევაა ჩვენთვის
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს British Airways-მა დაიწყო ოპერირება, – ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირდაპირი ავიარეისები დღეიდან თბილისსა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ბრიტანეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის კუთვნილმა Airbus a320neo ტიპის ხომალდმა თბილისში ლონდონიდან პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები პირდაპირი რეისით დაუკავშირდებიან ლონდონის ჰითროუს აეროპორტს. ეს დიდ შესაძლებლობებს აჩენს მგზავრებისთვის და ასევე ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდი პატივი და გამოწვევაა ჩვენთვის. ტავ ჯორჯია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს, არამხოლოდ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, არამედ იმ საკადრო რესურსის შესაქმნელად, რომელიც სერვისების მიწოდებისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს ასრულებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მომატებული ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ და უპრეცედენტოდ გაზრდილი მგზავრთნაკადი. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4,7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. 2025 წლიდან კი 13 ახალი მიმართულება დაგვემატა და ახალ დანიშნულებად ჩვენი აეროპორტი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია, რომელთა შორისაც გვაქვს პატივი აღვნიშნოთ რომ არის ბრიტანეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაც“, – აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებისთვის 230 მილიონამდე ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის ტავ ჯორჯიას გუნდი 1700-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს.