საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე: საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს, რაც ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის მიმართ ინტერესს ზრდის
ჩინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პაატა კალანდაძის თქმით, საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს, რაც ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის მიმართ ინტერესს ზრდის.
„საქართველოს ხვედრი, როგორც სერიოზული მოთამაშისა, არამხოლოდ რეგიონში, უკვე მაღალ დონეზეა. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ სულ სხვა ეტაპზე გადადის. ვფიქრობ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ შესაძლებლობას სათანადოდ გამოიყენებს ორმხრივი ინტერესების მისაღწევად. ეს პირველ რიგში, ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს,“ – განაცხადა პაატა კალანდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და მსხვილი ბანკების ხელმძღვანელებთან.
ნათია თურნავას შეფასებით, ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.