თურნავა: საქართველოსა და ჩინეთს შორის ისტორიულად კარგი ურთიერთობები არსებობს – ბოლო დროს გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე ჩვენი ფინანსური სექტორების ურთიერთობაც უნდა შეესატყვისებოდეს ამ მზარდ დონეს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ეკონომიკური კავშირების ფონზე ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ისტორიულად ძალიან კარგი ურთიერთობები არსებობს. მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, რაც ვაჭრობაში, ინვესტიციებში, ტურიზმში და ადამიანებს შორის ურთიერთობაში გამოიხატება, ჩვენი ფინანსური სექტორების ურთიერთობაც უნდა შეესატყვისებოდეს ამ მზარდ დონეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და მსხვილი ბანკების ხელმძღვანელებთან.
ნათია თურნავას შეფასებით, ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.