სამტრედიის მერმა, სტიქიის დროს გამოჩენილი თანადგომისთვის მოხალისეები დააჯილდოვა
“სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების დროს გაწეული დახმარებისთვის მოხალისეები, „Off-Road Group Samtredia”-ს წევრები, სპორტსმენები , სამშენებლო და ბიზნესს სექტორის წარმომადგენლები სპეციალური მადლობის სიგელებით დააჯილდოვა,”- ამის შესახებ, ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რომლებმაც სტიქიის დროს გადაუდებელი დახმარება გაუწიეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. გადაადგილების პრობლემების აღმოსაფხვრელად ისინი სამაშველო ოპერაციებში ჩაერთნენ და სხვადასხვა სახის ტექნიკური დახმარება აღმოუჩინეს მოსახლეობას.
„Off-Road Group Samtredia”-ს მოხალისეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მსგავს ინიციატივებში ყოველთვის მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გვერდით დაუდგებიან საზოგადოებას. დღევანდელ
შეხვედრაზე მათ მერს ჯგუფის საიმიჯო უნიფორმაც უსახსოვრეს.
,,იმ დღეებმა განსაკუთრებით დამანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანადგომა და დახმარება. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და განსაკუთრებით მაღალმთიან ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად ბოლომდე დაიხარჯნენ.” – განაცხადა დავით ბახტაძემ.
დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.