სოზარ სუბარი: შვილ მკვდარმა დედამ, რომლის შვილიც შეეწირა სამშობლოს სამსახურს, უნდა იცოდეს ვისი შეცდომები, ვისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები და ბრძანებები დგას ამ ტრაგედიების უკანო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას ლაშა ქოიავას კითხვებით მიმართა.

დეპუტატმა სამშობლოს მსახურებისა და თავგანწირვისთვის გმირ სამხედროებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მძიმე მოსასმენია ომთან დაკავშირებული დეტალები, თუმცა აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს თუ ვისი დანაშაულებრივი და არასწორი გადაწყვეტილებები დგას ტრაგედიების უკან.

„ღალატი ჰქვია, როდესაც შემუშავებული სამხედრო გეგმის დაწყება გადავადდება მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე ტრიბუნები და დროშები არის ჩამოსატანი თბილისიდან”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ლაშა ქოიავასა და თამაზ ბესტაევის მონაყოლი ადასტურებს ნაცმოძრაობის რეჟიმის დანაშაულებრივ სახეს.

„დიდი მადლობა ბატონო ლაშა. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, ვინც სამშობლოსთვის თავდადებით იბრძოდა და ვინც დღესაც მზად არის იგივე გააკეთოს. მადლობა გარდაცვლილთა სულებს. დიდება მათ, ვინც სამშობლოსთვის თავი დადო.

ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი და მაინც რატომ ვისმენთ ამას? რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის მოსმენა? ზოგჯერ ვფიქრობთ, ხომ არ გავდივართ სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების ზღვარზე, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ. იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომლის შვილი შეეწირა სამშობლოს სამსახურს, უნდა იცოდეს ვისი შეცდომები, ვისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები და ბრძანებები დგას ამ ტრაგედიების უკან.

ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რატომ გარდაიცვალნენ მშვიდობიანი ადამიანები მაშინ, როცა შესაძლებელი იყო მათი ბევრად ადრე გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან, მაშინ ჯერ ომის სავარაუდო ზონიდან იმიტომ, რომ ომი არ იყო დაწყებული. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ამაზე პასუხი ბატონი გრიგოლ ვაშაძისგან. მისი თქმით, მოსახლეობა არ გამოიყვანეს იმიტომ, რომ მაშინ ხალხი გაიგებდა, რომ რაღაცა ხდებოდა. ანუ მათ მოსახლეობა გაწირეს, მძევლად ჩატოვეს, ამას სხვა არაფერი ჰქვია. სხვათა შორის, ზუსტად იგივე მოვისმინეთ სამი წლის წინ ზელენსკისგან, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ არ გამოიყვანა მოსახლეობა იმ რეგიონებიდან, სადაც ელოდნენ რუსეთის ჯარი შეჭრას და ოკუპაციას. იქ სხვა მიზეზი ითქვა, გზები გადაიტვირთებოდაო და მოსახლეობა გაწირეს დასაბომბად იმიტომ, რომ რაღაც თავისი ამოცანები და გეგმები ჰქონდათ. დანაშაულებრივი რეჟიმის სურათი კიდევ ერთხელ გამოიკეთა თქვენი და გუშინ ბატონი თამაზ ბესტაევის მონათხრობიდან. თქვენ ყვებოდით, რომ ის ტერიტორია, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები იყვნენ და მკურნალობდნენ, ისე დაიცალა, რომ თქვენ, საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელს, ინფორმაცია არ გქონდათ, რომ თურმე თქვენსა და მტერს შორის 1 ჯარისკაციც კი არ იდგა, რომ დაეცავით.

ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე და თუნდაც მხოლოდ ეს ერთი პასაჟი იქნება ჩვენი კომისიის გამართლება, რომ ხალხმა იცოდეს რა ხდებოდა, როგორ გაიწირა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები და ოფიცრები, არაკომპეტენტური და ხშირ შემთხვევაში მოღალატე პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან. ღალატი ჰქვია, როდესაც შემუშავებული სამხედრო გეგმის დაწყება გადავადდება მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე ტრიბუნები და დროშები არის ჩამოსატანი თბილისიდან. ცალკე საკითხია, უნდა დაწყებულიყო თუ არა მოქმედება, როგორ უნდა არსებობდეს გეგმა, შეცდომა იყო თუ არა პროცესის დაწყება. მაგრამ, როცა გეგმის გადავადება ხდება ჯერ იმიტომ, რომ თურმე მთავარსარდალი უნდა ჩამოვიდეს და იზეიმოს გამარჯვება და შემდეგ, თურმე გადაწყდება, რომ ზეიმი კარგი იქნება არა სადღაც, რომელიღაც სოფელში, არამედ ცხინვალში და ერთხელ დამტკიცებული გეგმა გზადაგზა იცვლება, ამას ჰქვია ღალატი და დიდი მადლობა ამ საინტერესო ინფორმაციისთვის.

ბატონი გურამის კითხვას დავაზუსტებ, საბოლოო ჯამში, ამ ორი მინისტრის დროს [ოქრუაშვილი და ბარამიძე], რამდენი გამოცდილი მებრძოლი, ძველი ვეტერანი იქნა გაშვებული თავდაცვის სამინისტროდან?

ასევე თქვენ ბრძანეთ, რომ იყო თათბირი, სადაც ბრიტანელები ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, თუ არ მოვამზადებთ მათ შემდეგი ცხოვრებისთვისო. თქვენი თქმით, ამ თათბირს ესწრებოდა ელენე ხოშტარია. ვინ იყვნენ ეს ბრიტანელები, რატომ იყვნენ და რა პოზიცია ეკავათ ჩვენს თავდაცვის სამინისტროში? მრჩევლები იყვნენ? დროებით იყვნენ ჩამოსული თუ მუდმივად მსახურობდნენ? და ასევე, რა პოზიცია ჰქონდა ელენე ხოშტარიას ამასთან დაკავშირებით? რამდენად იქნა გათვალისწინებული მათი ხედვები? ცოტა ვრცლად რომ განმარტოთ ეს ყველაფერი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები