საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
„გენერალური მდივანი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობითა და ბოლო განვითარებებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და ეუთოს ჩართულობის, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების მხრივ შექმნილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღსრულების აუცილებლობა მდგრადი სტაბილურობის მიღწევისა და რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.
საუბარი შეეხო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ეუთო-ს ფარგლებში არსებული კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში. მან ასევე დაადასტურა ქართული მხარის ერთგულება ორგანიზაციის პრინციპებისადმი და ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას ეუთოსა და მისი ავტონომიური ინსტიტუტებისადმი. ყურადღება გამახვილდა, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან საქართველოს ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელოს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხებზე.
დასასრულს მინისტრმა ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობისას ეწვევა საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.