ბექა დავითულიანი: კარს ღიას ვტოვებთ, რათა მას, ვინც გონს მოეგება და რეალობას აღიარებს, შემოსასვლელი ჰქონდეს – სხვა შემთხვევაში, ქართული კულტურის მომავალი დაზიანდება, რისი უფლებაც არ გვაქვს
კულტურის სამინისტრო აკეთებს იმას, რა მიზნითაც არის ის შექმნილი და კანონმდებლობით რაც ავალია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კულტურას სახელმწიფო ხელშეწყობის გარეშე დიდი პერსპექტივა არა მარტო პატარა, არამედ ბევრ დიდ ქვეყანაშიც არ აქვს.
„კულტურის სამინისტრო აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, რა მიზნითაც არის შექმნილი და კანონმდებლობით რაც ავალია – ინახავს ქართულ კულტურას და ხელს უწყობს კულტურის განვითარებას. ანუ, მაგალითად, ის თეატრები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გაფიცულები არიან, უწყვეტ დაფინანსებას იღებენ, ყველა შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ გაფიცულია, ღიაა კარი და მოგვმართავს და ფინანსდება, თუ პროექტი აქვს და ეს პროექტი იმარჯვებს, კარს ტოვებს ღიას.
სამწუხაროდ, დიალოგის სივრცე, ამ წუთას, დახშულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კულტურას სახელმწიფო ხელშეწყობის გარეშე დიდი პერსპექტივა, ამ პატარა ქვეყანაში კი არა, ბევრ დიდ ქვეყანაშიც არ აქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველას სჭირდება სახელმწიფოს ხელშეწყობა. ჩვენ ვტოვებთ ამ წუთას იმ კარს ღიას, იმიტომ, რომ მერე ისე არ მოვხუროთ, რომ შემოსასვლელი არ დარჩეს, რადგან ეს დააზიანებს ქართული კულტურის მომავალს და ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციას.
არის რაღაც რადიკალური ჯგუფი, რომელიც გეუბნება არას. ეს სასაცილო ამბავია გამომცემლების ნაწილში, რადგან მწერალთა სახლის ბოიკოტში არიან, იმიტომ, რომ არ აღიარებენ სახელმწიფოს და განათლების სამინისტროსგან მილიონებს იღებენ, იმისთვის, რომ წიგნები დაბეჭდონ. 200 ათასის ბოიკოტში არიან და ათეულობით მილიონის ბოიკოტში არ არიან. შერჩევით გაფიცვა და ბოიკოტი აქვთ. ამის მიუხედავად, ჩვენ ვტოვებთ კარს ღიას იმიტომ, რომ ვინც გონს მოეგება და, ადრე თუ გვიან, რეალობას აღიარებს, მას შემოსასვლელი ჰქონდეს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.